ორი დეპუტატის წასვლის შესახებ ოპოზიციამ გაიგო საღამოს. პრეზიდენტთან მიმართვა უკვე გაგზავნილი იყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია ლევან ხაბეიშვილსა და ანა წითლიძეზე.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომელიც ოპოზიციას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს. მე ვიტყოდი – სასაცილო მდგომარეობაში“, – წერს დეკანოიძე.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.