უკრაინული გამოცემა «Depo» ჟურნალისტ იგორ პეტრენკოს სტატის აქვეყნებს, რომელიც ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივებს შეეხება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
უკვე შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას საქართველოში ფაქტიურად ჯვარი დაესვა: თითქმის მთელმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ „მამა“ მიატოვა. ამ ადამიანებს შეიძლება გავუგოთ: ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკოსიდან, რომელმაც, მართალია, საქართველოში [საპარლამენტო] არჩევნები წააგო, მაგრამ მაინც წარმატებული ბეგრაუნდი ჰქონდა, პოლიტიკოს-„გასტარბაიტერად“ (ანუ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში ჩასულ პიროვნებად) გადაიქცა, თანაც აშკარად უიღბლო გასტარბაიტერად. ეს მისი გუბერნატორობით დასტურდება: ოდესის ოლქში, დაპირებული რეფორმების ნაცვლად, მისი მოღვაწეობა მხოლოდ პერმანენტული სკანდალებით აღინიშნა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყველა პოლიტიკური გეგმა ჩაუვარდა. მას სურდა, რომ სწრაფად წასულიყო წინ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა. კაცმა რომ თქვას, ეს თვითონაც პოსტ-ფაქტუმ აღიარა გუბერნატორობიდან გათავისუფლების შემდეგ, როცა განაცხადა, რომ არსენ იაცენიუკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობდა და მის დისკრედიტაციას ეწეოდა.
ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარ ლოზუნგად ვერხოვნა რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდა. მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მიხომ ამაზე, პარლამენტის ვადამდელი გადარჩევა არ მოხდება. ქართველი გასტარბაიტერი თავისი [იმიგრანტი] თანამზრახველებით ხაფანგში მოექცა: სამშობლოში მომხდარი ამბების გამო მას უკვე ვერავითარი საინფორმაციო კამპანია ვეღარ უშველის, მისი პერსონისა და პოლიტიკური პროექტის მხარდასაჭერად უკვე საბაბი აღარ არსებობს.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ რაინინმა, როცა პასუხი გასცა კითხვაზე – განა პეტრო პოროშენკოსათვის მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა შეურაცხმყოფელი არ არისო – აღნიშნა:
„პრეზიდენტი ძლიერი პიროვნებაა, იგი გზაზე ავარდნილ მტვერს ყურადღებას არ აქცევს… ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნის მეთაურისთვის ასეთი საკითხები მეორეხარისხოვანია, პეტრო პოროშენკო მსგავს რიტორიკაზე არ რეაგირებს“.
მართლაცდა, ეს ციტატა იმის ნათელი დადასტურებაა, როგორ როლში დარჩა მიხო სააკაშვილი უკრაინაში თავისი სკანდალური მოქმედების გამო... და თუ ამას მისი პარტიის ამბებს დავამატებთ, მიხოს ბედისა არავის შეშურდება...
http://www.depo.ua/ukr/politics/yak-saakashvili-stav-pilyukoyu-na-dorozi–13012017093000
newspress.ge