საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული ივანე მაჩაბლის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია “ანაგი” საკუთარი ხარჯებით განახორციელებს – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “ანაგი” ავრცელებს.
“📚 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული ივანე მაჩაბლის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია “ანაგი” საკუთარი ხარჯებით განახორციელებს.
🖋️ “ოცნება, რომელიც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში მუშაობის დაწყებისას მქონდა, ლეგენდარული პირველი კორპუსის ათწლეულობით დაკეტილი სამკითხველო დარბაზების რესტავრაცია, მოდერნიზაცია და გახსნა – ასრულებას იწყებს. ახლა დამირეკა ზაზა გოგოტიშვილმა, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა. გუშინწინ გვქონდა მოლაპარაკება და დღეს უკვე დასტურია,” – ამბობს გიორგი კეკელიძე.
🏛️ ეს დარბაზი თბილისის ისტორიული სათავადაზნაურო ბანკის შენობის მშვენებაა. 1929 წლიდან, ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირება რომ დაიწყო, ამ დარბაზმა ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა ბიბლიოთეკის ისტორიაში. ის იყო სამკითხველო და საპრეზენტაციო სივრცე. აქ შეხვდნენ 1937 წელს რუსთაველის 750 წლის იუბილეზე ჩამოსულ მწერლებს, 1978 წელს კი გამარჯვებულ თბილისის “დინამოს”, ამ დარბაზში მუშაობდა თითქმის ყველა ცნობილი მეცნიერი და ხელოვნების მოღვაწე.
📜 დარბაზს ივანე მაჩაბლის სახელი ეწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ივანე მაჩაბლის შთამომავალმა, მისმა შვილთაშვილმა, ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ დარბაზში განსათავსებლად ბიბლიოთეკას მწერლის უნიკალური არქივი გადასცა, აღდგენილ დარბაზში გამოიფინება ივანე მაჩაბლის ბიბლიოთეკის ის ნაწილი, რაც დღემდე მიკვლეულია. აქვე იქნება წარმოდგენილი წიგნის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia”-ნათქვამია განცხადებაში.