გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ და იბრძოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღესაც, თითოეული თქვენგანი ღირსეულად აგრძელებთ მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს. მინდა ეს დღე მივლოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით ატარეს სამხედრო მუნდირი და ჩვენ ვალდებულები ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ემსახურნენ სამშობლოს და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია. თავდაცვის ძალების დღეს ქედს ვიხრით ყველა დაღუპული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია. თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე დღესაც ამ სულისკვეთების და პასუხისმგებლობის მატარებელია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.