საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S. შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაურმა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორის მოადგილე რასიმ ტოპუზმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას.
ამასთან, თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც.