ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის II კვარტალში N32ა და ბ კორპუსების მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 650 კვ.მ ფართობზე დაიგო. გზის რეაბილიტაციამდე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა.
დასრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„ზღვისუბნის ამ მისამართზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა. აღნიშნული პროექტით ეზო სრულად მოწესრიგდა. შედეგად ინფრასტრუქტურული პრობლემა 157 ოჯახს მოუგვარდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი აღარ შეაწუხებთ“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
საგზაო სამუშაოების ღირებულება 90 000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ჯამში, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 170 000 ლარი დახარჯა.