წითელ ზღვაში საერთაშორისო ოპერაცია „კეთილდღეობის მცველი“ დაიწყო, რომლის მიზანიც „იემენელი ჰუსიტების უგუნური თავდასხმების შემდეგ ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება“. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჰუსიტების ქმედებები საფრთხეს უქმნის თავისუფალ ვაჭრობასა და მეზღვაურების სიცოცხლეებს, ასევე არღვევს საერთაშორისო სამართალს.
ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-თან ერთად ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები. ოპერაცია „კეთილდღეობის მცველის“ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება.