3-4 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გაიმართება. ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში იასპარეზებს მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი.
„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი ლუკაშ ლიგოცკი.
მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში პირველად ტარდება, ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი, „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა. 2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. აღნიშნული შეჯიბრიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გრძელდება, 10-11 თებერვალს კი, სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი კვლავ ბაკურიანი იქნება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება“, – ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში.