რამდენიმე საათია, სამაშველო ჯგუფები შეუჩერებლად მუშაობენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნერგეეთში, მაშველები მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, საკუთარი სახლის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. საუბარია, სავარაუდოდ, 6 ადამიანზე, მათ შორის სამი ბავშვია. ნაპოვნია სამი ცხედარი. ცოცხალი ამოიყვანეს მაშველებმა ერთი მამაკაცი.
მიწის მასა სოფელში ღამის ორი საათისთვის ჩამოვიდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა და ოთხი სახლი მოიყოლა. დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის არის სამი ბავშვი და ერთი 20 წლის ახალგაზრდა. მოსახლეობა ჰყვება, რომ მსგავს სტიქიას ნერგეეთში არავინ ელოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ადგილზე იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებიც.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
“ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია ოთხი საცხოვრებელი სახლი. დასაწყისში ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, ერთი ადამიანი ცოცხალია. სამწუხაროდ, სამი ცხედარი ვიპოვეთ, დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც ამ ლოკაციაზე შეუძლია იმუშაოს, ცოცხალი ძალაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, სამუშაოები ყველა შესაძლო ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
“საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის მიერ მიმდინარეობს სამაშველო – საძიებო სამუშაოები. დაახლოებით 200-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. სამუშაოები მიმდინარეობს ყველა შესაძლო ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის ძაღლების, დრონებითა და სხვა საშუალებებით. საბედნიეროდ მოხერხდა ერთ-ერთი ადამიანის გადარჩენა, სამი ცხედარია ნაპოვნი და მიმდინარეობს ექვსი ცხედრის ძიება. გამოძახებული არის შესაბამისი გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც ჩაატარებენ სრულყოფილ კვლევას რის შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნა”, – განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.