ონკო-პაციენტების მკურნალობას 25 000-ლარიანი პაკეტი დაემატა იმისათვის, რომ თავიდან ვისაც რა დასჭირდება ამის ფარგლებში იმკურნალონ, შემდეგ კი, როგორც აქამდე იყო მათი მკურნალობა სახელმწიფოს დახმარებით, ისე გაგრძელდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც დამატებითი რესურსის სახით, ონკო-პაციენტებისთვის საბაზისო 25 000-ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს პოზიტიური და ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ. იქიდან გამომდინარე, რომ ონკო-პაციენტებს სახელმწიფო აქამდეც ეხმარებოდა, ამ 25 000-ლარიანი საბაზისო დამატებითი პაკეტის გარეშე, ჩემი ინფორმაციით, ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ 25 000-ლარიანი დახმარება არის ცალკე პაკეტად, რომლის ამოწურვის შემთხვევაშიც, სახელმწიფო როგორც მაშინ, როცა სულ არ იყო ეს პაკეტი, ისედაც ეხმარებოდა ონკო-პაციენტებს და არცერთ მათგანს არ ტოვებდა ყურადღების გარეშე, როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო მათ ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება. უბრალოდ ამას კიდევ ერთი კარგი, პოზიტიური ამბავი, ახალი, 25 000-ლარიანი პაკეტი დაემატა იმისათვის, რომ თავიდან ვისაც რა დასჭირდება ამის ფარგლებში იმკურნალონ, შემდეგ კი, როგორც აქამდე იყო მათი მკურნალობა, ისე გაგრძელდება. ვიღაცები ასეთ ძალიან სენსიტიურ თემაზე პიარის აგორებას აპირებენ და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას, მიაწვდინონ სწორი ინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნებული ვარ კომუნიკაციაში იქნება და აუხსნიან დეტალურად“, – აღნიშნა მდინარაძემ.