ფრანგი მკვლევარების დასკვნები მიუთითებს განსაკუთრებით ძლიერ კავშირზე, რომელიც, ერთი მხრივ, ემულაგატორებს (ისინი საკვები პროდუქტების ტექსტურას აუმჯობესებენ და ვარგისიანობის ვადას ზრდიან), და მეორე მხრივ, მკერდისა და პროსტატის კიბოს შორის არსებობს.
ინდუსტრიული ტკბილეული – ემულგატორების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების კატეგორია – ბარსელონას (ესპანეთი) ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე
ATLANTIDE PHOTOTRAVEL / GETTY
ტკბილეული, ცომეული, შოკოლადი, მზა საკვები… ემულგატორი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ დანამატი კიდევ ბევრ სხვა საკვებ პროდუქტში გამოიყენება, რათა მათი შენახვის ვადა, გარეგნობა, ტექსტურა ან გემო გაუმჯობესდეს. მაგრამ მომხმარებლებმა, რომლებიც ასეთ საკვებს მიირთმევენ, ყოველთვის არ იციან ან ვერ აცნობიერებენ, თუ როგორი ზიანი ადგება ამით მათ ჯანმრთელობას. სამშაბათს, 13 თებერვალს, სამეცნიერო ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, ფრანგი მკვლევარების ჯგუფმა მიუთითა შესაძლო კავშირზე, რომელიც ზოგიერთ ამ ინგრედიენტსა და სიმსივნის განვითარების რისკს შორის არსებობს.
კვლევის ავტორებმა 92 000 პირის მიერ ინტერნეტით მოწოდებული მონაცემები გააანალიზეს. კვლევის მონაწილეებმა, რომელთა უმრავლესობა (79%) ქალი იყო, დაასახელეს ის საკვები და სასმელი, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიხმარეს. ასევე მიუთითეს პროდუქტის მწარმოებელი კომპანია, რამაც მკვლევარებს საშუალება მისცა, ემულგატორის შემცველი და ჯანსაღი პროდუქტი ერთმანეთისგან გაერჩიათ. კვლევის პარალელურად, ხდებოდა სამედიცინო დაკვირვება კიბოს დიაგნოზზე – კვლევის მონაწილეთა შორის ამ დააავდების მქონე 2604 პირი აღმოჩნდა.
ორი ტიპის დანამატი ყურადღების ცენტში
კვლევის შედეგები მიუთითებს სიმსივნის რისკის 15-პროცენტიან ზრდაზე იმ ადამიანებში, რომლებიც მონოგლიცერიდების და დიგლიცერიდების (შეფუთვაზე ე.წ. E471) შემცველ საკვებს მოიხმარენ. ამ ინგრედიენტების კიდევ უფრო მკაფიო კავშირი შეინიშნება ძუძუს კიბოსთან (+24%) და პროსტატის კიბოსთან (+46%). გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძუძუს კიბოს რისკის 32-პროცენტიანი ზრდა ქალებში, რომლებიც ყველაზე მეტ კარაგენებს მოიხმარდნენ (E407 და E407a).
მკვლევარების განმარტებით, ეს იყო ამ ტიპის „პირველი სადამკვირვებლო კვლევა“, რაც ნიშნავს, რომ მისი შედეგები ემულგატორების მოხმარებასა და სიმსივნის განვითარებას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადეგნად საკმარისი არ არის.
„მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგები იძლევა მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კვების მრეწველობაში დანამატების გამოყენების წესების შესაცვლელად და მომხმარებლების უკეთ დასაცავად“, – აცხადებენ კვლევის ხელმძღვანელები, მატილდა ტუვიე და და ბერნარ სრურა.
სხვა სამეცნიერო ანალიზები მიუთითებს კავშირზე ულტრა-გადამუშავებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარებასა და სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ფსიქიკური დარღვევების გაზრდის რისკს შორის. „თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, უმჯობესია, ასეთ საკვებზე უარი თქვათ და საჭმელი სახლში მოამზადოთ. ეს ყოველთვის უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისთვის“, – ურჩევს ადამიანებს მატილდა ტუვიე.