ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მტავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი.
„დღეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო, მათ შორის სხალთის ხეობაში და ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცივაძეებში.
მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა. გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. ასობით ლოკაციაზე განხორციელდა მეწყრული მასის და ზვავის გაწმენდა.
ამ ეტაპზე გაწმენდილია 137 მიმართულება და სამუშაოები უწყვეტად გრძელდება სამუშაოები დარჩენილ დამეწყრილ მონაკვეთებზე,
გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა შეისწავლეს დამეწყრილი ტერიტორია ასეულობით ლოკაციაზე. გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად გატარდება შემდგომი ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის სტიქიის კომისია სწავლობს და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.
მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.