საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს, გინტარას ბაგდონასისა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.
„შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.