ყირგიზეთში არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდმა“ ქვეყანაში საქმიანობა შეწყვიტა.
„ვწყვეტთ ფონდ „სოროს-ყირგიზეთის“ საქმიანობას ახალი კანონის მიღების გამო, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე არასათანადო და ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს“, – აღნიშნულია სოროსის ფონდების განცხადებაში.
2 აპრილს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ. რამდენიმე ცვლილების შემდეგ კანონიდან ამოიღეს ნორმა, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული ისეთი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც ადამიანის პიროვნებასა და უფლებებს ლახავს.
სადირ ჟაპაროვის თქმით, კანონპროექტის მიზანია – დაარეგულიროს ყირგიზეთში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა. მისი განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი დონორების დაფინანსებით 2000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია მოქმედებს და მათ ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა.