მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები. ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.
სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები . ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.
უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.