ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება მაღალი ტემპით გრძელდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განაცხადა.
„მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს გავჭერით 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის ძირითადი გვირაბი და დღეს უკვე გაჭრილია საევაკუაციო, ასევე 9 კმ-იანი, ექვსი მეტრი დიამეტრის გვირაბიც. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების, ელექტრომომარაგების, შეტყობინების, უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი სისტემების მოწყობის ინტენსიური სამუშაოები. ასევე, კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც სქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომლის ბურჯების სიმაღლეც 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი, 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, მიუხედავად კარგი პროგრესისა, აუცილებელია სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურება.
„გაჭრილია 1 500-მეტრიანი გვირაბი, დასრულებულია მოსახვის სამუშაოები და იწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი. დანარჩენ გვირაბებზე და ხიდებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწის და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები, დაწყებულია სამუშაოები გუდაურთან მისასვლელი ახალი 5 კმ-იანი გზის მშენებლობის მიმართულებითაც. ბუნებრივია, არის სხვადასხვა სახის გამოწვევები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღევანდელი პროგრესი აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, მობილიზებას და შესრულებული სამუშაოს მოცულობის გაზრდას, რაზეც, ზედამხედველებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიასთან“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი თუ სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. პროექტი საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და, გვირაბის მშენებლობის ნაწილში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.