წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის ტურნირის ფინალი ჩაიშალა და გადაიდო. მიზეზი უხარისხოდ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახდა. შენობაში წყალი ჩავიდა და დატბორა.
ადგილობრივების თქმით, უამინდობისას წვიმს როგორც გარეთ, ისე წალენჯიხის სპორტ დარბაზშიც. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში გიორგი ხარჩილავას უწყებამ 102 ათასი ლარი გადაიხადა. ხელშეკრულების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა იმის გამო რომ მიმწოდებელმა კომპანიამ მისი შესრულება დროულად ვერ შეძლო, ის 10 სექტემბრამდე გადავადდა და ამჟამად დაუსრულებელია. ამ ფონზე კი არც წალენჯიხის მერიიდანაა საჯარიმო სანქციები გამოყენებული და არც ხელშეკრულებაა გაწყვეტილი.
ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს 255 ათასი ლარი გამოეყო. გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო და მათთან ხელშეკრულება 237 ათას ლარზე გაფორმდა. ამ თანხიდან ნახევარზე მეტი რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა, სპორტ კომპლექსი კი კვლავ ავარიული და სარეაბილიტაციოა.