„ქართული ოცნების“ წევრებმა სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში.
ადგილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი. მდუმარე აქციაზე სანთლებით დააწერეს „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს“, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები ენგურის ხიდთან გავიდნენ.
„31 წელი გავიდა უმძიმესი თარიღიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ჩვენ აუცილებლად მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს – ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს ვთავაზობთ ერთად ცხოვრებას, ერთმანეთზე ზრუნვას და ისტორიულ სიყვარულს, რომლითაც ჩვენ ერთად საუკუნეები ვიცხოვრეთ და ერთმანეთი გადავარჩინეთ – ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ოკუპაცია ყოველთვის სრულდება თავისუფლების გამარჯვებით – საქართველო გაიმარჯვებს!“, – განაცხადა დავით კოდუამ.
„დღევანდელი დღე ძალიან სევდიანია, უამრავი ტკივილია დაკავშირებული ამ დღესთან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს და ამ მშვიდობის მნიშვნელობა განსაკუთრებით სამეგრელოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა და მთლიანად ქართველმა ერმა, ისევე როგორც აფხაზებმა ძალიან კარგად ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამყოფი ხაზის იქით ჩვენმა დებმა და ძმებმა, აფხაზებმაც ასევე იციან, რომ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, რომ ერთმანეთის ურთიერთპატიებით, ერთმანეთის შენდობით, საერთო ინტერესებით და საერთო ენის გამონახვით ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რეალობაა და კიდევ ერთხელ გვინდა, რომ აქედან მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი, მშვიდობით უნდა გავერთიანდეთ!“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„სოხუმის დაცემა არის უმძიმესი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის, რომელსაც ახლავს უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიები. სწორედ ეს მოვლენა გვიჩვენებს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და გვაქვს იმედი და გვჯერა, რომ დრო განკურნავს ენგურს გაღმა და გამოღმა ტკივილებს, იარებს, სიყვარულით გავუთბობთ ერთმანეთს გულს და მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. ამ იმედით, რა თქმა უნდა, ჩვენ სიყვარულის გულებს ვუხსნით ჩვენს აფხაზ და-ძმებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ჩვენი თანაცხოვრება გარდაუვალია და ერთად ვიზრუნებთ მომავალი საქართველოსთვის“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ.