ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
„საქართველო ეუთო-ს წევრი ის ქვეყანაა, რომელიც ათწლეულებია, საკუთარ თავზე განიცდის საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფის შედეგებს. კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია და იქ მისი სამხედრო ბაზები – ეს არის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე სამი ათწლეულია, დგას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, საერთაშორისო აქტორების ჩართულობას ამ პროცესში და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მნიშვნელობას.
„საქართველოს ხელისუფლების 10-წლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს ჩვენ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც გვიმაგრებს ზურგს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყნის სტაბილური განვითარების გამოწვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ბოლო წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყნის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არაერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს. წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის როლს და მის მიერ ობიექტური დასკვნების გაკეთების აუცილებლობას.