ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა შესაბამისი წარმოების პროცედურების სწრაფად განხორციელებისკენ, რათა თავის მხრივ, ცესკოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდეს.
„ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ.
მე მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, გახდა შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცედურები, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.