რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. რუსთავის მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში, საშობაო მეჯლისი და ჯგუფ „ურსას“ კონცერტი გაიმართა. ქალაქის ცენტრში საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. ადგილზე მოზარდებს ყინულის მოედანი დახვდებათ. რუსთავში საახალწლო ბაზრობაცაა გახსნილი, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება.
„ახალი წლის დღეების” ფარგლებში, ახალქალაქში გამართული ღონისძიება გალაკონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა. მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ. ქალაქის ცენტრალურ პარკთან, საშობაო ბაზრობაზე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა, ანიმატორებმა და სანტა კლაუსმა იზრუნეს.
შუახევში კი საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი მეწარმეების მიერ სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს, თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. საზეიმოდ აინთო მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე. საღამო „ფორტესა“ და ,, new one“-ის კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
დმანისის მუნიციპალიტეტში, მერიის მიმდებარე სკვერში განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში, საშობაო ბაზრობა გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა. აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიება აქაც კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა ზუგდიდშიც. ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ, მოწყობილი იყო სხვადასხვა დეკორაცია, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. საღამო ფეიერვერკით და კონცერტით დასრულდა სადაც მონაწილეობა მიიღო თაკო გაჩეჩილაძემ, კახა კუხიანიძემ, თამთა ჭელიძემ, გია ნიკოლაძემ, მარიკა თხელიძემ, ნინი ქარსელაძემ და ჯგუფმა ,,ქუჩის ბიჭები“.