მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მუშაობა ყველა სამსახურის ჩართულობით, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ვერ ახერხებენ ყველა სოფელში მოსახლოებასთან კომუნიკაციის დამყარებას და ადგილზე მისვლას.
„ინტენსიური თოვაა. მუნიციპალიტეტის ძირითად სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხა ტექნიკით მუშაობა, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა, მაგრამ ფიზიკურად მუშაობა ძალიან გართულებულია, ამიტომ არის სოფლები, სადაც მისვლას ვერ ვახერხებთ. მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მუშაობა ყველა სამსახურის ჩართულობით. უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობა შველას ითხოვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ არის ადგილები, სადაც კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ და ვერც მივდივართ. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არის სახლები, რომლებიც ჩამონგრეულია. ტექნიკა მუშაობს, მაგრამ ივსება გაწმენდილი გზა და ხელახლა გასაწმენდი ხდება “, – აღნიშნა სარიშვილმა.
დიდთოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, გურიის მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
გურიაში იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.