ყველა გამოწვევას და ყველა პრობლემას დავძლევთ იმიტომ, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეები, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ.
გიორგი ურუშაძე ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამორალურია სხვის უბედურებაზე გინდოდეს ადამიანს პოლიტიკური ქულების დაწერა.
„ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები. მოგეხსენებათ თქვენ, რომ ამინდები არ გვიწყობს ხელს. სტიქია კვლავ გრძელდება, მაგრამ აუცილებლად ყველა გამოწვევას და ყველა პრობლემას დავძლევთ იმიტომ, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეები, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ძალიან ცუდია, რბილად რომ ვთქვათ და ალბათ ამორალურია სხვის უბედურებაზე გინდოდეს ადამიანს პოლიტიკური ქულების დაწერა. თქვენ გახსოვთ კარგად, თქვენი ტელევიზია აქტიურად აშუქებდა გურიის რეგიონში 2023 წლის სექტემბრის სტიქიის მოვლენებს. მაშინაც საკმაოდ მძლავრი სტიქია დაატყდა თავს ჩვენს რეგიონს და მაშინაც იყო იმის მცდელობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ქულები დაეწერათ. თუ ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვა გვინდა, მაშინ ერთმანეთის ქილიკით არ უნდა ვიყოთ დაკავებული და არ უნდა ვავრცელებდეთ დეზინფორმაციას, არ უნდა ვთესავდეთ პანიკას, რასაც ეს გარკვეული ჯგუფები აკეთებენ.
სამაშველო ძალა აბსოლუტურად საკმარისია. მე არ შემიძლია არ ვისარგებლო თქვენი ეთერით და მადლობა არ გადავუხადო ნამდვილად გმირ მეხანძრე-მაშველებს, ჩვენი თავდაცვის ძალების ღირსეულ წარმომადგენლებს. ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს, რომლებიც, მოუხედავად ასეთი მეტეოროლოგიური პირობებისა, მიუხედავად სტიქიისა, არცერთ შეტყობინებას, არცერთ ადამიანს ტოვებენ ყურადღების მიღმა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული“, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.