საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე, რათა ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ამერიკიდან ჩართვისას ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც აშშ-ში საქართველოს დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საფინანსო ინსტიტუტებთან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შედგა.
„შეხვედრა შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძლიერი. ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. სექტორები და მიმართულებები, რომელიც განსაზღვრულია, არის საკმაოდ ფართო ჩამონათვალი.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან სექტორებზე, როგორიც არის ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის ლოჯისტიკური სერვისები, ასევე, წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება ენერგეტიკის სფეროში. ასევე, ის რეფორმები, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ხორციელდება საქართველოში, მათ შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, სადაც ჩვენ გვაქვს 0,5მლრდ-დოლარიანი შეთანხმება, ეს პროექტი ძალიან აქტიურად ხორციელდება. ყველა ამ პროექტთან მიმართებაში ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მყარი მხარდაჭერა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებზე.
ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია – ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდით და მეორე მხრივ, საკმაოდ კარგი, ერთ-ერთი საუკეთესო მაკროეკონომიკური პარამეტრებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ამ მხრივ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა აქვთ, რომ ეს რეფორმები ჩვენთან ერთად განახორციელონ“, – განაცხადა ხუციშვილმა.