საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემაზე მედიასთან ისაუბრა.
თალაკვაძის თქმით, დღევანდელ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ფუნქცია და არჩევნების სისტემა ერთმანეთისთვის შეუსაბამოა.
“ჩვენ იმთავითვე დავაფიქსირეთ პოზიცია და გამოვრიცხეთ ნებისმიერი სუბიექტური ინტერესი ამ სფეროში, იმიტომ, რომ მზად ვართ არჩევნებში გამარჯვებისთვის, ნებისმიერი მოდელის ფარგლებში. თუმცა, როცა საქმე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს, უნდა ითქვას, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ფუნქცია და არჩევნების სისტემა არის ერთმანეთთან შეუსაბამო და თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, სადაც ხალხის კონტროლი ძლიერდება, მაშინ არა მხოლოდ გვსურს, არამედ ვალდებულიც ვართ, რომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ კონსტიტუციაში არსებული ნაწილები საერთო პრინციპთან. ჩვენ გვსურს ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა .