წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ და ერთმანეთს რაღაცები არ უნდა დავაბრალოთ. კი ბატონო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ტყუილი და პოპულიზმია, როცა მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მითვისებულ ხმებზე ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ტყუილი და პოპულიზმია, როცა ოპონენტები მითვისებულ ხმებზე ლაპარაკობენ.
მამუკა მდინარაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით, არასამართლიანი საარჩევნო სისტემაა შეთავაზებული.
„ვალდებული ვართ, იმ ბრალდებებს პასუხი გავცეთ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის. მართლაც, ჩვენს თავზე ვირგებთ თუ არა კონსტიტუციას და საარჩევნო სისტემას? ქალბატონო ირმა, პრაქტიკულად რამდენიმე დღეა, შეურაცხყოფასაც კი ვიტანთ. მგონი, წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ და ერთმანეთს რაღაცები არ უნდა დავაბრალოთ. კი ბატონო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ტყუილი და პოპულიზმია, როცა მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მითვისებულ ხმებზე ვლაპარაკობთ. თქვენი ორი მანდატი მითვისებულია? თქვენ პროპორციულად ექვსი მანდატი არ გეკუთვნოდათ და ორი მანდატი მიითვისეთ? რატომ წაიღეთ? – პირობითად ვამბობ, მაშინ, იმ ორმა ადამიანმა პარლამენტი დატოვოს და მითვისებული ხმები აღარ გექნებათ. ევროპის ქვეყნებში მანდატები ევროპელმა კოლეგებმა მიითვისეს? – ეს არის დათქმა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს და გარკვეულ მიზნებს ისახავს. ეს სტაბილურობის მიზანია, რასაც ირონიულად მოიხსენებენ ხოლმე. ეს მიზანია იმის, რომ მუდმივი ქაოსი და კრიზისი არ იყოს და ქვეყანა ცუდი გზით არ წავიდეს. მეორე მხარე პლურალიზმია“, – მიმართა ინაშვილს მდინარაძემ.