“ევროკავშირის კარზე ისე არ უნდა ვაკაკუნოთ, რომ შევაწუხოთ და მერე ისე ჩარაზონ, ვეღარასოდეს ასრულდეს ჩვენი საბოლოო მიზანი”, – აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები”.
ხულორდავა მიიჩნევს, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო და შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთება.
“ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ინსტრუმენტი, ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის სახელმწიფო გეგმა. ხშირად სვამენ კითხვას, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და შემდეგი რა არის? ეს ყველაფერი გვაქვს შესაძლებლობის სახით. შემდეგი არის ამ შესაძლებლობების ათვისება. ახლა საუკეთესო დრო არ არის, არც ჩვენი და არც ევროკავშირის მზაობის თვალსაზრისით”, – განმარტა თამარ ხულორდავამ.