რუსთავის სპორტის სასახლე, ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს მასპინძლობს. 2 აგვისტოს, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები, ესპანეთის ნაკრებს რუსთავში შეხვდება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მატჩი, მამაკაც ფრენბურთელთა შორისაც 9 აგვისტოს გაიმართება და საქართველოს ეროვნული ნაკრები, ბერძენ ფრენბურთელებს, რუსთავის სპორტის სასახლეში დაუპირისპირდება.
რუსთავის სპორტის სასახლეში, საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების მაღალ დონეზე მისაღებად მზადება უკვე დაწყებულია.
,,რუსთავის სპორტის სასახლე საერთაშორისო ტურნირებს უკვე სისტემატურად მასპინძლობს. მზადება მორიგი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის უკვე დაწყებულია. 2 აგვისტოს, ფრენბურთში საქართველოს ქალთა ნაკრების გულშემატკივრობის შესაძლებლობა გვექნება, ხოლო 9 აგვისტოს მამაკაც ფრენბურთელთა ნაკრები გამართავს მნიშვნელოვან შეხვედრას. და მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო მათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნული მატჩების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
,,ქალებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ვემზადებით, რომელსაც რუსთავის რუსთავის სპორტის სასახლე მასპინძლობს. მოლოდინები ძალიან დიდი გვაქვს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს და აღვნიშნო რომ ეს უკვე მეორე ჩემპიონატია, რომელსაც რუსთავის სპორტის სასახლე მასპინძლობს ფრენბურთში. პირველი ძალიან იღბლიანი გამოდგა ჩვენი ნაკრებისთვის, სამი შეხვედრიდან, ორი დამაჯერებლად მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე გასვიანმა.