საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიწასთან დაკავშირებით კონცეპტუალური მუშაობის ჩატარებაა საჭირო. როგორც გია ჟორჟოლიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მიწა ჩვეულებრივი პროდუქტი არ არის, რის გამოც ის საჭიროდ მიიჩნევს, მისი შესყიდვის შესახებ შეზღუდვები არათუ უცხოელებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც დაუწესდეთ.
დეპუტატის თქმით, მიწის საკუთრების რეგულირება და ყიდვა-გაყიდვა კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწა არ არის ჩვეულებრივი პროდუქტი, ეს არ არის ძეხვი, რომ როგორც გინდა, ისე გაყიდო. ძალიან სერიოზული, კონცეპტუალური მუშაობაა საჭირო, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დამოკიდებულება მიწასთან.
მიწის საკითხი საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებს ცვლიდა და ჩვენ ვუყურებთ ძალიან ადვილად. მიწა იყო საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი საკითხი, შემდეგ რუსეთის რევოლუციის და ასე შემდეგ.
მე მგონია, რომ ჩვენ სერიოზული შეზღუდვები უნდა დავაწესოთ მიწის გაყიდვაზე. ეს უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ყველას. მყიდველმა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა უზრუნველყოს მიწის გამოყენება. მიწის ეკონომიკურად გამოყენებისთვის საჭიროა კონკრეტულ სუბიექტებზე გაპიროვნება.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მიწის კანონმდებლობაზე. უკვე გვაქვს გარკვეული მოცემულობები, ამის შეცვლა საკმაოდ რთული იქნება. დაუფიქრებლად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული ჯერ კიდევ 90-ანი წლების დასაწყისიდან და შედეგად მივიღეთ არასახარბიელო ვითარება. კონსტიტუციაში ჩაიწერება გარკვეული შეზღუდვები უცხოელებისათვის, თუმცა მე ვისურვებდი, ასევე ეწეროს, რომ მიწის საკუთრების რეგულირება და ყიდვა-გაყიდვა მკაფიოდ იყოს გაწერილი კანონმდებლობაში“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
გია ჟორჟოლიანი – ეს უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ყველას
2017/05/22 14:24:28
კომენტარები
ნანახია: 1209 ჯერ