საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის პრემიერიმინისტრისა და მასთან ერთად 7 მინისტრის საქართველოში ვიზიტს “უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტად” აფასებს.
მისი განცხადებით, ბინალი ილდიმირის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმება გაფორმდება.
“ასეთი შემადგენლობით ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტი. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის მეორე შეხვედრა. პირველი შეხვედრა შარშან ანკარაში გაიმართა და წელს, პატივი გვაქვს, ვუმასპინძლოთ თურქეთის მთავრობას ასეთი შემადგენლობით. ეს ვიზიტი, ასევე, ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ ვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ჩვენი შეხვედრა იქნება, ერთი მხრივ, 25 წლისთავის აღნიშვნისადმი მიძღვნილი, მაგრამ ასევე იქნება შინაარსობრივად დატვირთული. ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას რამდენიმე სექტორში, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება დინამურად და ორი ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ აეროპორტში თურქეთის პრემიერმინისტრის დახვედრის დროს.
ბინალი ილდიმირი საქართველოში ცოტა ხნის წინ 7 მინისტრთან ერთად ჩამოფრინდა.