ავიაკომპანია „ეარ არაბია აბუ დაბიმ“ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აგვისტოში აბუ დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ უკვე სრულდება. ხუთშაბათობით კი ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმციით, „ეარ არაბია აბუ დაბი“ მომავალში თბილისის მიმართულებით სიხშირეების კვირაში 10-მდე ზრდას განიხილავს. ავიაკომპანია ფრენის სიხშირეს, ასევე აზერბაიჯანის მიმართულებითაც ზრდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.
„ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ მიზანს გავაძლიეროთ რეგიონული ქსელი და უზრუნველვყოთ მეტი კომფორტი და მოქნილობა მომხმარებლებისთვის.
ეს ორი დინამიკური ქალაქი კვლავ რჩება პოპულარულ მიმართულებად, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. განახლებული განრიგები კიდევ უფრო გააძლიერებს ტურიზმსა და მოგზაურობას შორის კავშირებს და შექმნის უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ მგზავრობის გამოცდილებას“, – ნათქვამია „ეარ არაბიას“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ადელ ალ ალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აეროპორტებნის გაერთიანების ინფორმაციით, „ეარ არაბია“ ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს და ფრენებს შარჟა-თბილისი-შარჟას მიმართულებით ასრულებს. 2021 წლიდან კი საქართველოს ბაზარზე „ეარ არაბიას“ შვილობილი ავიაკომპანია ეარ არაბია აბუ დაბის“დაიწყო ოპერირება, რომელმაც პირდაპირი საჰაერო გზით ერთმანეთს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქები დააკავშირა.
თავდაპირველად ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ოპერირებდა, ამ ეტაპზე, კი აბუ დაბიდან უკვე კვირაში 8 სიხშირით სრულდება ფრენები. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კიდევ რამდენიმე სიხშირის დამატებას განიხილავს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისის-აბუ დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.