საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება ძლიერდება.
მისი განცხადებით, ნატო-სთან ურთიერთობას საქართველოსთვის კონკრეტული შედეგები მოაქვს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე პრაქტიკული თანამშრომლობა მჭიდრო ინტეგრაციაში გამოიხატება. დღეს, ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ხელმძღვანელობასთან საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები, საკვანძო საკითხები, შემდგომი თანამშრომლობა და დაახლოების გზები განვიხილეთ. ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოითქვა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა საქართველოსთან ურთიერთობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.