“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება ვითარებას ადგილზე გავცნობოდი. ის, რაც აქ ვნახე, არის საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სწრაფვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ,”- ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ოძისში ყოფნის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია არაწევრ ქვეყანაში ტარდება და ეს არ არის რიგითი მოვლენა.
“სესიის თბილისში ჩატარება, აქ ჩამოსვლა და მხარდამჭერი დეკლარაცია, რომელზეც ვმუშაობთ და ხვალ მივიღებთ, ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლური გამოხატვაა,”- დასძინა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პაოლო ალი, დელეგატებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს დღეს ესტუმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. კერძოდ, მიაწოდეს ინფორმაცია ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლებაზე, მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.