საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები – ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.
„საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია – ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) და წამოვიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონმდებლობის ძირეული გარდაქმნის პროცესი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს.
შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ვიზების ლიბერალიზაციას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას აქვს უფრო ღრმა პოლიტიკური დატვირთვა, რადგანაც ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს.
ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომლითაც დაფასდა საქართველოს ძალისხმევა. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით. ასე რომ, ეს მართლაც დიდი მიღწევაა,”– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვას როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სტაბილური პოლიტიკური მოკავშირეების შეძენას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამდენად აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაისახოს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.
„დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
ჩვენი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმატება ერთმანეთისგან განუყოფელი და მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ამ გზაზე თანმიმდევრულად და სტაბილურად სვლის მხრივ,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.