პირადად ჩემი აზრია, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას – ეს განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
,,გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაძლებელია თუ არა გაწევრიანება MAP-ის გარეშე, ვფიქრობ რომ კი. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის მოხდება ეს. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო წევრობას იმსახურებს, მაგრამ საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა კალნინსმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ იმ დოკუმენტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად 29 მაისს უნდა მიიღოს. როგორც ლატვიელი დეპუტატი ამბობს, დეკლარაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აფასებს, გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
,,ეს დოკუმენტი არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერი. დელეგატების უმრავლესობა, როგორც ვიცით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. დოკუმენტი ასევე ასახავს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და ჩვენს პოზიციას უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალნინსმა.