წარმატებები საქართველოს, ურთიერთსიყვარულს გისურვებთ, ქართველებო და არა ვინმეს დასაჩაგრად და რაიმე მეტის წასაგლეჯად ძალაუფლების გამოყენებას. ქვეყნის წარმატებას, გაძლეიერებას და ყველაფერ საუკეტესოს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას და მრავალსაუკუნოვან სამშობლოს და ერს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე წერს.
“1 ოქტომბერი – 13 წლის წინ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ქვეყნის და პირადად ჩემს ცხოვრებაშიც.
მეამაყება ყველა პატარა ნაბიჯი და პროექტი, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენი პატარა გუნდის და პირადა ჩემი ინიციატივით განხორციელდა. მადლობას ვუხდი სამყაროს და ადამიანებს იმისათვის, რომ მქონდა შესაძლებლობა, ბევრ ადამიანს დავხმარებოდი და თუნდაც რამდენიმე საათით მათ უკეთ ეგრძნოთ თავი.
მიხარია, რომ არავინ დამიჩაგრავს და არავისთვის მიტკენია გული შეგნებულად, მაგრამ შესაძლოა, უნებურად გული ვატკინე ანდა ვერ დავაფასე ისე, როგორც იმსახურებდა. ამისათვის მომიტევონ მათ. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად მედგა გვერდით. მადლობა ადამიანებს სიყვარულისა და მეგობრობისათვის. წარმატებები საქართველოს, ურთიერთსიყვარულს გისურვებთ, ქართველებო და არა ვინმეს დასაჩაგრად და რაიმე მეტის წასაგლეჯად ძალაუფლების გამოყენებას. ქვეყნის წარმატებას, გაძლეიერებას და ყველაფერ საუკეტესოს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას და მრავალსაუკუნოვან სამშობლოს და ერს, სიღარიბის დაძლევას და ყველაფერ საუკეთესოს. მადლობა, რომ მქონდა საშუალება, სხვა პლატფორმიდან მემსახურა ქვეყნისათვის.
დღესაც ჩემი შვილების აღზრდით და პრაქტიკულად 24-საათიანი შრომით ვემსახურები და ღმერთს მხოლოდ ჯანმრთელობას და საარსებო საშუალებას ვთხოვ. განსაკუთრებული მადლობა იმისათვის პოლიტიკაში ყოფნის წლებს, რომ რამდენიმე საიმედო და უძვირფასესი მეგობარი შემძინა, რომელთა იმედი სულ მაქვს, ხოლო მათ, ვინც ვერ გაუძლეს დროს და პოლიტიკურ სიძულვილს, წარმატებებს ვუსურვებ სულიერების გზაზე, საკუთარი ეზოს იქით დაენახოთ, რა მშვენიერია შემოდგომის ეს შესანიშნავი დღე, თავისი ფოთოლცვენით და მისტერიით და უკეთესს ამქვეყნიდან ვერაფერს წავირებთ, სიყვარულის და მრავალი ბედნიერი და ლამაზი წამის გარდა ❤”, – წერს ელისო ჩაფიძე.