13 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართველმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ქართულს ებრძოდა და სძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც სხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცე ნებით აღდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„13 წლის წინ „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება დამარცხდა, თუმცა „ნაცობა“, როგორც ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი, ჯერ კიდევ დასამარცხებელია. ვხედავთ, როგორ მოქმედებს ეს ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგია. ეს არის გამოწვევა დღეს მთელი მსოფლიოსთვის. ვხედავთ აშშ-ში იმავე იდეოლოგიის მატარებლებს, რომლებიც სიძულვილს თესავენ და მათი დამარცხებაც როგორი რთულია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს სხვათა დროშების ფრიალს, სხვაგან საკუთარი ქვეყნის დასმენას, სიძულვილის თესვას და ეს იდეოლოგია არის ჯერ კიდევ დასამარცხებელი. მათ შორის 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს „ნაცობას“, როგორც იდეოლოგიას, რომელიც გულისხმობს სხვების ინტერესების, სხვა ქვეყნების თუ სხვა გარე ძალების ინტერესების გატარებას. ამიტომ, ჩვენი 13-წლიანი გამოცდილებაც აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება დამარცხებულია, იდეოლოგია იკვებება გარედან და ამ იდეოლოგიას ჯერ კიდევ სჭირდება დამარცხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია: „4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლაზე, თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე გადის“.