ყველას გვახსოვს, მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, როგორ გადაეფარნენ მას მისი გარე მფარველები, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის მიზანი მხოლოდ ერთია, რომ შეენარჩუნებინათ ეს „სიძულვილის პარტია და სიძულვილის იდეოლოგები“ საქართველოში, რომ როგორც ნელი მოქმედების ნაღმი ჰყოლოდათ და საჭიროების შემთხვევაში გაეაქტიურებინათ.
„ჩვენ დღეს ვხედავთ, თუ როგორი ზეწოლაა და ადვილია იმის წარმოდგენა, თუ რამხელა ზეწოლა იყო თავის დროზე, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. მიზანი მხოლოდ ერთია, რომ შეენარჩუნებინათ ნაკვერჩხალივით ეს სიძულვილის პარტია და სიძულვილის იდეოლოგები საქართველოში, რომ როგორც ნელი მოქმედების ნაღმი ჰყოლოდათ და საჭიროების შემთხვევაში გაეაქტიურებინათ. ვხედავდით ჩვენ ამ გააქტიურებას სხვადასხვა დროს ბოლო 13 წლის განმავლობაში, მათ შორის დღესაც ვაკვირდებით, რომ სრულად გარედან მართული დაჯგუფებაა, რომელიც შენარჩუნებული ჰყავთ იმისთვის, რომ ვინაიდან ვერ მართავენ ხელისუფლებას, მართონ ოპოზიცია და მსგავსი დისკომფორტის და არეულობების შექმნის მცდელობებით აიძულონ ხელისუფლება, დაიყოლიონ საკუთარი ინტერესების გატარებაში.
ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და ევროპას. ყველამ დაინახა, რომ ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ყველა საკუთარ ინტერესებს ატარებს და ეს ჩვენ დავინახეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, როდესაც შევხედეთ, რომ ევროკავშირსა და ბრიუსელში ჩვენი ინტერესები არავის ადარდებდა. ყველამ გაგვწირა მაშინ რუსეთთან ესკალაციისთვის, მათი ენჯეოების და „ნაცმოძრაობის“ ხელით, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ. მაშინ დაინახა ქართველმა ხალხმა, რომ ეს წარმოდგენა, თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ თითქოს სამყარო წესებზე დგას და სინამდვილეში ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერესების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა.
საქართველოს მაგალითზე ვხედავთ, როგორ უხეშად არღვევენ საერთაშორისო წესებს, ვენის კონვენციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო ამ 13 წლის განმავლობაში. თუკი გინდა იყო დამოუკიდებელი და სუვერენული, ამისთვის უნდა იყო მზად, რომ გაუძლო იმ ზეწოლებს, რომელიც მოდის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არც საბჭოთა კავშირს უჩუქებია და არც სხვა მიმართულებიდან გვაჩუქებს ვინმე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.