ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ ღამბაშიძემ წინასაარჩევნო კამპანია, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგები შეაჯამა.
მან ამომრჩევლებს მიმართა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა „ქართულ ოცნებას” გამოცხადებული ნდობისთვის.
„ძვირფასო ზესტაფონელებო, ბოლო კვირებში მქონდა პატივი, შევხვედროდი თითოეულ თქვენგანს ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და თქვენთან ერთად განმეხილა მნიშვნელოვანი საკითხები.
საუბრები შეეხო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ეფუძნება, წარმატებით განხორციელებულ პროექტებსა და იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივებს პრიორიტეტულად მიაჩნიათ.
კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა უკვე დაყწებულია. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე გადაიჭრას.
როგორც ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს, მჯერა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის წინსვლასა და განვითარებაში. კარგად ვიცნობ ადგილობრივებსა და მათ საჭიროებებს, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო ნაბიჯების ეფექტურად დაგეგმვასა და რეალური შედეგების მიღწევაში.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ზესტაფონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის პროექტი განხორციელდა, თუმცა კვლავ არის გამოწვევები, რომლებსაც ღირსეულად გავუმკლავდებით.
თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, გპირდებით, რომ თქვენს იმედებს საქმით გავამართლებ. ყოველთვის ვიქნები ხალხის გვერდით, ეტაპობრივად გავითვალისწინებ თითოეული მოქალაქის ხმას და არ დავიშურებ ძალას ზესტაფონის უკეთესი მომავლისთვის.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული, განვითარებული და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი.
აქვე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის.
ხვალ კვლავ ვიზეიმებთ არჩევნებში გამარჯვებას.
მშვიდობის, წინსვლისა და უწყვეტი განვითარების პროცესის გამარჯვებას!
მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ზესტაფონს!”, – განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.