სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იყო ჩართული. ეს ძალიან სამწუხარო დღის წესრიგია, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც არასამთავრობო სექტორის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვების დროს, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მობილიზება და მათთვის წინასწარ დაწერილი კითხვების გადაცემა ფიქსირდებოდა.
კობახიძე აღნიშნულ შეფასებას არასერიოზულ განცხადებას უწოდებს.
„სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს გამეორება, რომ პრეზიდენტი პირველივე დღიდან იმ კამპანიაში იყო ჩართული, რომლის მიზანიც კომისიის დისკრედიტაცია იყო. ხელშემშლელი საქმიანობა პირდაპირ წარმოებული იყო და როცა საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო, წინასწარ ვთქვი, რომ სპეციალური შეხვედრა იყო, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა და იმ შეხვედრაზე კონკრეტული, დესტრუქციული გეგმა შეთანხმდა, რომლის მონაწილე სამწუხაროდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო. მაშინ ვამბობდი, რომ ეს გეგმა კონკრეტული სახით იქნებოდა განხორციელებული და ეს დესტრუქციული გეგმა როგორი იქნებოდა, ამას ყველანი ვნახავდით და ამ გეგმის კონკრეტული შედეგებიც ყველამ ერთად ვიხილეთ კიდეც.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იყო ჩართული. ეს ძალიან სამწუხარო დღის წესრიგია, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა. ჩვენ ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენი ამოცანაა დახვეწილი კონსტიტუცია მივიღოთ, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სამართლებრივ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება და რომელიც ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ბუნებრივია, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ნეგატიური დღის წესრიგი ამ ამოცანის შესრულებაში ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა კობახიძემ.