სოციალურ მედიაში გავრცელდა პოლიციის მხრიდან ძალადობის ორი შემთხვევა „მემარცხენე პარტიის“ პარლამენტის წევრების მიმართ, რამაც აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოკადრებს DW ავრცელებს.
შემთხვევა ბერლინში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ხელს ურტყამს სახეში გერმანიის პარლამენტის წევრს ლეა რაისნერს, რომელიც ღაზის სექტორის მხარდამჭერ მიტინგზე იმყოფებოდა.
ბერლინის პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტს იძიებენ. თავად რაისნერი მომხდარის შესახებ არაფერს ამბობს.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს „მემარცხენე პარტიის“ კიდევ ერთი წევრის დაკავების მომენტი. ბუნდესტაგის წევრი ჯემ ინსი სამხედრო შეიარაღების მწარმოებლის „რაინმეტალის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
მოგვიანებით მან განაცხადა: „ბერლინის პოლიცია სასტიკად გამისწორდა და თავისუფლება შემიზღუდა“. ის მალევე გაათავისუფლეს. ბერლინის პოლიციაში განაცხადეს, რომ დეპუტატმა ერთ-ერთ ოფიცერს დაარტყა.