ეს ადამიანი გამოხატავს იმ ძალების აზრს, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში გადატრიალებას აწყობდა – დამხობა, გადატრიალება, არჩევნების ჩაშლა, არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ როდესაც დემონსტრანტები რბევას იწყებენ, საქართველოში კანონი მოქმედებს.
„მშვიდობიან დემონსტრანტს, მშვიდობიან მომიტინგეს, ჟურნალისტს არავინ ერჩის, მაგრამ როდესაც დემონსტრანტები თქვენი მოწოდებით, ქალბატონო პრესსპიკერო, იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, შეჭრას, დამხობების გამოცხადებასა და ქმედებას, იქ კანონი მოქმედებს და თქვენ თუ დაგავიწყდათ, რა არის კანონი თქვენს ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვიწყებია, რა არის დემოკრატიული კანონი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ“.