არ წყდება საბოტაჟი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ისმის პირდაპირი ტყუილი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით.
„გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით გვაქვს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. გარდა ამისა, როდესაც ფიქრია ჩიხრაძემ დაიწყო თავისი პრესკონფერენცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მისი პირველი სიტყვა იყო გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ეს თვითონ მან ბრძანა და დაადასტურა, რომ ჰქონდა დოკუმენტი მიღებული, გაეცნო ამ დოკუმენტს და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, როცა საუბრობს საპარლამენტო მდივანი, საუბრობს არა ქალბატონი ანა, არამედ პრეზიდენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ რამეებს ვისმენთ ხოლმე, ძალიან დამღლელია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ისმის ტყუილები და შეტევა საქართველოს პარლამენტზე.
“ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარების კეთება აღარ არის ხოლმე სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ არ წყდება ტყუილები, არ წყდება შეტევა პარლამენტზე, კომისიაზე, არ წყდება საბოტაჟი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გაიაზრებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის ჩავარდა. არ დაესწრო კომისიის სხდომებს, დაიწყო შეტევა კომისიაზე და ახლა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მომზადდა დოკუმენტი, რომელიც არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ნამდვილად დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის ფორმის სისტემას“, – განაცხადა კობახიძემ.