ნუ ეცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების გასაღებით არიან დაკავებულნი, თავი შეაფარონ იმ უფლებადამცველებს და იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც გუშინ იცავდნენ ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ “იმედის კვირაში” განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე და მის განხორციელებაზე საუბარი სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გახდა რეალური.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მე პირადად ვეთანხმები ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, რომლის შედეგადაც აუცილებლად უნდა მოხდეს იმ სანქციების გადახედვა, რომელიც არის მოხმარებასთან მიმართებაში რეპრესიული”, – განაცხადა თალაკვაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ არაფრით არ შეიძლება წაიშალოს ის ზღვარი, რომელიც ნარკო მომხმარებლებსა და გამსაღებლებს შორის არსებობს.
“ნუ ეცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების გასაღებით არიან დაკავებულნი, თავი შეაფარონ იმ უფლებადამცველებს და იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც გუშინ იცავდნენ ადამიანის უფლებებს. უახლოეს მომავალში სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდნენ, აუცილებლად მოხდება ამ პაკეტის ინიცირება და ეს პირველ რიგში შეეხება მომხმარებლების მიმართ მიდგომების ჰუმანიზაციას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.