ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის Vinoveli Inc.-ის ორგანიზებით, ნიუ იორკის ჰარვარდის კლუბში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, Vinoveli Inc.-მა აღნიშნული ღონისძიებით დაიწყო სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანია აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორთან, „არჯუნ დევანთან“ თანამშრომლობით.
კამპანიის მიზანია Vinoveli Inc-ის პორტფოლიოში არსებული ღვინოების წარდგენა აშშ-ის ბაზარზე მომუშავე დისტრიბუტორების, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლების, სომელიეებისა და ჟურნალისტებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად.
„ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის შესახებ შვიდი დეგუსტაცია გაიმართა საცალო-ქსელურ სუპერმარკეტებსა და გაყიდვების ობიექტების საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში ნიუ ჯერსსა და მასაჩუსეტში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ღვინოები.
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ბოლო სამ თვეში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე Wines of Georgia Grand Tasting (ლოს ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre (ნიუ იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Orange Glou Fair (ნიუ იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე Amber Georgia (ნიუ იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine NYC (ნიუ იორკი), San Diego Food + Wine Festival (სან დიეგო). ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – V is for Vino“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორამციაში.
