კახა კალაძისთვის მერობა დაუძლეველი გამოწვევა არ იქნება და ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალკვალიფიციურად გაართმევს თავს ვალდებულებებს – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ნარმანია აცხადებს, რომ როგორც მმართველი გუნდის წევრი თავადაც იყო ჩართული მერობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.
თბილისის მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება “ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს.
„კახა კალაძე არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, როგორც პოლიტიკური, ისე მმართველობითი კუთხით, შესაბამისად, მისთვის მერობა დაუძლეველი გამოწვევა არ იქნება და ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალკვალიფიციურად გაართმევს თავს ამ ვალდებულებებს. მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, ვინაიდან მე მახსოვს მისი ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები, ასე, რომ მას ექნება როგორც კოლეგიალური, ისე მეგობრული გვერდში დგომა ჩემგან. კონსულტაციების პროცესში მეც ვიყავი ჩართული, როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი, თუმცა როგორც იცით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო და მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე,სად და რა პოზიციაზე ვიხილავთ დავით ნარმანიას მას შემდეგ, რაც ის დედაქალაქის მერი აღარ იქნება, ნარმანია აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჩემთან დაკავშირებით, დაწყებულია კონსულტაციები, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ეს არ იქნება ჩემი პროფესიისგან და სპეციალობისგან შორს მდგარი პოზიცია. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც, რასაკვირველია, კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული“, -აღნიშნა დავით ნარმანიამ „კვირასთან“ ინტერვიუში.
არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება.
დავით ნარმანია – მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა
2017/06/13 12:44:56
კომენტარები
ნანახია: 1047 ჯერ