ბაკურიანში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია, კურორტზე პირველად ამოქმედდა პანორამა-ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს პანორამული ხედების ნახვის საშუალებას აძლევს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციით, ბაკურიანში სრულად ფუნქციონირებს სამივე სასრიალო არეალი – დიდველი, კოხტა და მიტარბი, სადაც ჩართულია საბაგიროები.
„დიდველის სასრიალო არეალზე 2025-2026 წლების ზამთრის სეზონზე პირველად ამოქმედდა პანორამა-ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს ბაკურიანის გამორჩეულ პანორამულ ხედებს სთავაზობს. მისი საშუალებით ვიზიტორებს საშუალება აქვთ რთულ ე.წ. შავ ტრასებზე მოხვდნენ, რაც ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს. ამასთან, დიდველზე ფუნქციონირებს ტობოგანი, რომელიც კურორტზე მყოფ დამსვენებლებს დამატებით აქტივობას სთავაზობს.
ბაკურიანის კურორტზე, ჯამში, 12 საბაგირო ფუნქციონირებს, ხოლო სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 36 კილომეტრს შეადგენს. კურორტი თითქმის სრულად დაფარულია თანამედროვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემით, რომლის წყალობითაც ზამთრის სეზონი 20 დეკემბრიდან გაიხსნა. გათოვლიანების სისტემის ეფექტური მუშაობა დამოკიდებულია შესაბამის მეტეოროლოგიურ პირობებზე, მათ შორის ჰაერის ტემპერატურაზე, ტენიანობის დონესა და ქარის სიჩქარეზე. ბაკურიანში არსებული ორი ხელოვნური წყლის რეზერვუარი ფუნქციონირებს გამართულად და სრულად არის უზრუნველყოფილი საჭირო წყლის რესურსით. არსებული წყლის მარაგი გათვლილია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის უწყვეტი და ეფექტური მუშაობისთვის.
2025-2026 წლების ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთო კურორტზე – ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე – მუშაობს სკი პატრული, რომელიც სასრიელო არეალებზე აწესრიგებს და იცავს ვიზიტორთა უსაფრთხოებას. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ყველა კურორტზე განხორციელდა ინფრასტრუქტურის სრული შემოწმება, ტექნიკა წესრიგშია, ხოლო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება“, – ნათქვამია ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

