“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივის კომენტირებისას.
მისი თქმით, პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინაადეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ,”- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ალტერნატიულ ფორმატს სთავაზობს. “ვთავაზობთ აქ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნესასოციაციები. ეს პროცესიც იქნება ფართოდ გაშუქებული მედიის მიერ, იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსესუსს,”- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს შესთავაზა, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ. „ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე აქ არ არის საუბარი, დავსხდეთ ჟურნალისტების წინაშე,მედიაში, საზოგადოების წინაშე და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ. პირობა შემიძლია, მოგცეთ, რომ ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ საუბრისას.