ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაბალი გამავლობისა და მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, უღელტეხილებსა და მაღალმთიან დასახლებებში. ხოლო იქ, სადაც ზვავსაშიშროების რისკია, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, გვრჩება შეზღუდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე. შეზღუდვა ეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. 24 საათის განმავლობაში გზებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ძლიერი თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები გვრჩება მაღალმთიან რეგიონებში მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ არსებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის საბურავებით“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ორმოცაძემ.
ვაზიანი-გომბორი- თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები მე-3 დღეა 24-საათიანი რეჟიმით აკონტროლებენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ კახეთის რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტი მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ამოქმედდება. ამ დრომდე თელავში და ცენტრალურ გზებზე აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ.
„მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა მუნიციპალური სერვისი, ხდებოდა გზების გაწმენდა, ტექნიკური მარილით დამუშავება. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია, ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთი შეზღუდულია და დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობისთვის. მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოება იქნება დაცული“, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.
