პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ხალხს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მაღალი ფასები, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება, მინიმალური ხელფასის თუ პენსიების ზრდის შესაძლებლობები, განათლების რეფორმა და ა.შ. და დებატებიც სწორედ ასეთ თემებთან დაკავშირებით უნდა შედგეს.
მისი თქმით, ხალხს აინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მაღალი ფასები, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება, მინიმალური ხელფასის თუ პენსიების ზრდის შესაძლებლობები, განათლების რეფორმა და ა.შ. და დებატებიც სწორედ ასეთ თემებთან დაკავშირებით უნდა შედგეს.
„დებატები, დებატები და კიდევ დებატები… უკვე შევეჩვიეთ, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაფერი განხილვისა და განქიქების თემა ხდება.
ამიტომ აღარ გვიკვირს, რომ ისეთი ბუნებრივი და ნეიტრალური საკითხიც კი, როგორიც იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის შეთავაზებული დებატების ფორმატის აღდგენა, ოპოზიციის შიგნით მწვავე დაპირისპირების საგნად იქცა.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ხიშტებით შეხვდა ამ შეთავაზებას:
„ვის უნდა ვედებატოთ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას?”
„ვინც რუსეთში აბრუნებს საქართველოს?”
„ვისაც პოლიტპატიმრები ჰყავს?”
„ვინც ტროტუარზე დგომისთვის გვაპატიმრებს?”და ა. შ. და ა. შ. ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილმა განაცხადა, კარგი, ვიდებატოთო.
ზოგიერთი პირობებს აყენებს – „იმ შემთხვევაში ვედებატებით ხელისუფლებას, თუ ამას, იმას, ამათ და იმათ გაათავისუფლებენო” (ანუ ვისაც ეგენი სინდისის თუ პოლიტპატომრებს ეძახიან).
მე მგონი, ამ ადამიანებს დებატები ისე წარმოუდგენიათ, რომ ერთი მხარე მეორეს უკიჟინებს, თქვენ 9 წლის განმავლობაში ამას და ამას აშავებდითო (რაც იგულისხმება, საზოგადოებამ ზეპირად იცის და აქ აღარ გავიმეორებ), ხოლო მეორე მხარე უმრავლეს შემთხვევაში თავს გაიმართლებს და სამაგიეროდ იქით შეუტევს – თქვენ 13 წლის განმავლობაში ესა და ეს დააშავეთ და დღესაც აშავებთო (ეს პრეტენზიებიც ზეპირად იცის საზოგადოებამ და არც მათი ჩამოთვლით გადაგღლით).
თუ ამ მიმართულებით წარიმართა დებატები, ამას არავითარი აზრი არ ექნება, რადგან გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსება, რომლის მაყურებელსაც სისხლი სწყურია და ბოლოს, თუ ასეთი დებატი ლანძღვა-გინების, წყევლა-კრულვის და ხელჩართული ბრძოლის გარეშე დასრულდა, ტელევიზიები (გემოვნებისა და მიდრეკილების მიხედვით) დაიწყებენ შეფასებებს – აი, ხედავ, “ჩვენიანმა” რა მაგრად მოუგო სიტყვაში, რა მაგრად გალანძღა?! არა, “ჩვენიანი” უფრო მაგარი იყო, ხომ ნახე, თავზე დაახურა ყველაფერი! ასეთი დებატები მხოლოდ შინაარსგამოცლილი ხალხის გასართობ და შინაგანი ეგოების მკვებავ სანახაობად იქცევა და არც მოდებატე მხარეებისთვის და არც ხალხისთვის არაფრის მომტანი არ იქნება. უფრო პირიქით, საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ჩვენ დებატები წარმოგვიდგენია, ქვეყანაში არსებული საჭირბოროტო საკითხების მწვავე, მაგრამ აკადემიურ განხილვაში, რომელიც რეალურად აწუხებს საზოგადოებას. ხალხს აინტერესებს, რა გზას სთავაზობენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ისეთი პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად, როგორიც არის მაღალი ფასები, უკონტროლო მიგრაცია (როგორც ემიგრაცია, ისე იმიგრაცია), ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება, ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა, მინიმალური ხელფასის თუ პენსიების ზრდის შესაძლებლობები, განათლების რეფორმა, რუსეთთან (ამ საკითხში განსაკუთრებით საინტერესოა ოპოზიციის პოზიცია). დასავლეთთან ურთიერთობა, პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, ციხის სისტემებში და ამ ყოველივეში გაუმჯობესების გზები, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და ა. შ. ასეთი დებატების გამართვის შემთხვევაში მათში გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ სხვადასხვა დარგების პროფესიონალებმა, რომლებმაც უნდა შეძლონ მთავარი აქცენტის გადატანა დებატების შინაარსზე და არა ფორმაზე.
ბუნებრივია, დებატების დროს გვერდს ვერ ავუვლით მწვავე კამათსაც, მაგრამ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ მოდებატისთვის წამგებიანი იყოს ოპონენტისათვის პირადი შეურაცხყოფის მიყენება და ზოგადად, ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე წითელი ხაზების გადაკვეთა.
ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხები ძალიან ბევრია და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ასეთ კამათებში ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო ჭეშმარიტებებიც დაიბადოს. მხოლოდ ასეთ დებატებს აქვს აზრი საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ასეთი დებატების სურვილი და მოლოდინები გვაქვს“, – წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
